ის, რაც ჩვენ ვნახეთ, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი იყო!!! ნურავინ იტყვის, რომ ყურმოკვრით მაინც არ სმენოდა პატიმრების ცემა-ტყეპაზე… მაგრამ პირადად მე, ვერ წარმოვიდგენდი რომ ვინმეს შეიძლება თავში აზრად მოსვლოდა ასეთი სიბინძურე!!! მის განხორციელებაზე რომ აღარაფერი ვთქვა…

ძალიან ბევრ უსამართლობაზე გამომითქვამს პროტესტი, მაგრამ თვითონ ის ფაქტიც მარაზმია, რომ მაინცდამაინც ვიდეოების სახეზე აკვრა დაგვჭირდა, რომ რაღაცები გაგვეაზრებინა და “გადაგვეხარშა”… და ვინ იცის, რომ არ გავრცელებულიყო ეს ინფორმაცია, კიდევ როდემდე გაგრძელდებოდა პატიმრების წამება?!

მეორე უბედურება ისაა, რომ ადამიანთა გარკვეული კატეგორია მამლაყინწაობს და გაიძახის “გეგონება არ იცოდით ან ახლა გაიგეთო!” მსგავსი საქციელები საერთოდ მაცოფებს!!! ჯერ ერთი, რომ ჭორის დონეზე ცოდნა და ფაქტისთვის თვალებში ჩახედვა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ თუ ვინმემ მართლა რამე იცოდა დაზუსტებით, მის ადგილას პირში წყალს ჩავიგუბებდი და ნიშნის მოგებით საუბრის ნაცვლად, ისე ვითვალთმაქცებდი, როგორც ამა ქვეყნისა მაღალჩინოსანნი გამოხატავენ “მწუხარებას” და გვპირდებიან გამოსწორებას…

“Wanting people to listen, you can’t just tap them on the shoulder anymore. You have to hit them with a sledgehammer, and then you’ll notice you’ve got their strict attention.” John Doe from Se7en
“ადამიანების ყურადღებას მხარზე მოთათუნებით ვეღარ მიიქცევ. კუალდა უნდა შემოსცხო, რათა დარწმუნებული იყო, რომ ყურადღებას მოგაქცევენ.” ჯონ დოუ, პერსონაჟი ფინჩერის “შვიდი”-დან.

არის საუბრები იმაზე, რომ ოპოზიციამ წინა საარჩევნოდ შეინახა კადრები – პათოსით “როგორ ბედავდნენ აქამდე ამის დამალვას?!”… გეთანხმებით, რომ საშინელებაა, როცა ასეთი კადრები გაქვს ხელთ და საზოგადოება ‘ჭურში’ გყავს, მაგრამ არსებობს მედლის მეორე და გაცილებით ამაზრზენი მხარე… რაც იმაში გამოიხატება, რომ ამ საზარელი ვიდეოების გარდა, ძალიან ბევრი უსამართლობა და სისასტიკე უჩვენებიათ ოპოზიციურ ტელეარხებზე, რომლებიც ციხის გარდა, ბევრ სხვა თემატიკას შეეხებოდა… ამ წუთას, ყველაზე ნათლად მახსენდება პატიმარი, რომელსაც ცემაში ამოხადეს სული, შემდეგ კი რაღაც მიზეზი მოუფიქრეს, ოჯახს კი ექსპერტიზის ჩატარების უფლება არ მისცეს… ეს შემთხვევა ნანა ლეჟავამ გააშუქა თავის გადაცემაში, თუმცა ამხელა აჟიოტაჟი კი არა, პატარა აქციაც კი არ მოჰყოლია!!! ასე, რომ ყველამ ჩვენს თავში ვეძიოთ იმის მიზეზი თუ რატომ გავიგეთ ასე გვიან!!!

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ კუალდას, რახან უკვე შემოგვცხეს და ცოტა აზრზე მოვედით, აღარ უნდა დავიძინოთ მანამ, სანამ აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც კი რაიმე კავშირი ჰქონდა ამ სისასტიკესთან, არ იქნება კანონის სრული სიმკაცრით დასჯილი!!! დასჯილი რეალურად და არა ისე, როგორც გირგვლიანის მკვლელები!!!

ბიძინას პოლიტიკაში ჩართვამდე, ბევრისგან მქონდა მოსმენილი “კაი რა, ესენი მაინც მაძღრები არიან… სანამ ახლები გაძღებიან”… ეს შეჩვეული ჭირის სინდრომი ვერ მოვიშორეთ ქართველებმა, ვერაფრით!!! ახლა ცოტა შეიცვალა არგუმენტები და ყველა გაიძახის, რომ თუ ივანიშვილი გაიმარჯვებს სულ მთლად დაგვექცევა ქვეყანა თავზე და იმაზე უარეს რეალობას მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს…

არც ივანიშვილის ქომაგი ვარ და დიდად არც ის მახარებს, რომ იმდენად უსუსური ოპოზიცია გვყავს, რომ გრეჩიხასა და მიშას შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება, ახლა კი ბიძინასა და სააკაშვილს შორის გვიწევს… მაგრამ მე ყველაზე მეტად ის მიშლის ნერვებს, რომ ნაცვლად უსამართლობასთან და ბოროტებასთან ბრძოლისა, გავიძახით ბიძინა უარესი ბოროტებააო…

როცა ერთ რამეს შევიგნებთ ქართველები, რომ ხელისუფლება არის ჩვენი მონა-მორჩილი და არა პირიქით… და რომ ჩვენს ნება სურვილზე უნდა იარონ მათ… მერე უკვე აღარ ექნება არსებითი მნიშვნელობა თუ ვინ იქნება მთავრობაში!!!

 

 

“ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს ხალხის და არა ხალხს ხელისუფლების”
V for Vendetta

Comments

comments

Powered by Facebook Comments

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online