მას შემდეგ, რაც (სამსახურის გამო) დაღონებულს მომიხდა ბათუმის დატოვება, სადაც საერთაშორისო კინოფესტივალ BIAFF-ზე ვიყავი მიპატიჟებული, გამიჩნდა საოცარი პროტესტის გრძნობა!!! კინოფესტივალზე ორად ორი ფილმის ნახვა მოვასწარი, რომელთაგანაც პირველი ‘გრეით ფეილიარ’ იყო, რომელზეც ასე თუ ისე ვისაუბრე წინა პოსტში, მეორე კი საერთოდ არ მახსოვს, რადგან წინა დღის უძინარი ვიყავი… ამიტომაც, ჩემს თავზე რომ არ მომშლოდა კვლავაც და კვლავაც ნერვები, გადავწყვიტე ხელმეორედ მეყურებინა ფილმისთვის, რომელიც ერთადერთი იყო ფესტივალის სიაში, ისეთი მე რომ ნანახი მქონდა…

თავიდანვე გეტყვით… “ექშენების”, “თრილერების” და “ბლოკბასტერების” მოყვარულებს, დიდი შანსია რომ “ერთხელ ანატოლიაში” არ მოგეწონოთ…

ფილმი, ერთი შეხედვით, არცთუ უჩვეულო მკვლელობის ისტორიას მოგვითხრობს… თუმცა, მის ნელ ტემპს, ოპერატორის ნამუშევარს, სრულიად სხვა სამყაროში გადავყავართ… ის გვაცნობს თურქული კულტურის თავისებურებებს, მისი სტრუქტურების მუშაობის სტილს, წარმოდგენას გვიქმნის თურქულ ოჯახებზე და ხაზს უსვამს სხვა მრავალ მნიშვნელოვან ასპექტს მათი ცხოვრებიდან…

“Once upon a time in Anatolia” არ განეკუთვნება ერთხელ სანახავ ფილმთა კატეგორიას… ის არის უბადლო ნამუშევარი, რადგან ყველა კადრს, აბსოლუტურად ყველა მიმიკას, სიტყვასა თუ წინადადებას, ძალიან დიდი დატვირთვა გააჩნია, რაც უფრო და უფრო ღრმას ხდის ნამუშევრის არსს…

მიუხედავად იმისა, რომ “ერთხელ ანატოლიაში” არის კრიმინალური დრამა, ის მრავლად შეიცავს “ართჰაუსის” ელემენტებს… იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს ბლოგს მეტწილად კინომოყვარულნი კითხულობთ, მჯერა, რომ უკვე მიხვდით დაახლოებით რა სახის ფილმზე არის საუბარი… ამიტომ, ნუღარ დააყოვნებთ, გადმოწერეთ და ისიამოვნეთ თურქული კინემატოგრაფის შედევრით…

 

ფრთხილად, სპოილერები თავიანთ მსხვერპლს ელიან…

 

მე თუ მკითხავ, ამ ფილმის ყველა პერსონაჟი ძალიან საინტერესო და ცალკე განსახილველი თემაა…

პოლიციის უფროსი, რომელიც იმაზე წუწუნებს, რომ პროკურორი არაფერს აკეთებს და ყველაფერი მის მხრებზე ტყდება.
მისი დამოკიდებულება ცოლთან… შეამჩნევდით, ალბათ, როცა მეუღლე ურეკავს, მანქანაში ზის, მაგრამ თავს ისე წევს, თითქოს ცდილობს, რომ არავინ გაიგოს მისი საუბარი… ეს ყველაფერი მხოლოდ მცირე დეტალებია, რომელიც მისი პიროვნების სურათის შექმნაში გვეხმარება, თუმცა რეალურ სახეს ბრალდებულთან ურთიერთობისას აჩენს, რომელიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ზოგადად თურქი პოლიციელის დამოკიდებულებას გამოხატავს ეჭვმიტანილის მიმართ… ის ყველა მეთოდს იყენებს, რათა მიაკვლიოს მოკლულს, ხოლო, როცა თოკით შებოჭილ გვამს აღმოაჩენენ, მზადაა ეჭვმიტანილს თავადვე გამოუტანოს განაჩენი… (სამწუხაროდ, მისი საქციელი ჩვენს პენიტენციალურ სისტემისას ჩამოჰგავს…)
თუმცა, რეჟისორი მის მეორე მხარესაც გვაჩვენებს, რომ ის არის ძალიან მზრუნველი მამა და შეუძლია პატიმრის მიმართაც იყოს კეთილი, გარკვეულ სიტუაციებში… (როცა მისცემს მოწევის საშუალებას)

მძღოლი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს მხარი დაუჭიროს და გაამხნევოს პოლიციის უფროსი… ყველაზე საინტერესო სცენებია, როცა ჯერ ვაშლს ეტანება, ხოლო შემდეგ კი მოპარულ საზამთროებს გვამს მიუწყობს გვერდით… აღსანიშნავია ასევე მისი და ექიმის დიალოგი, როცა ის ეუბნება რომ, ხშირად დადის ამ მხარეში და იარაღის სროლით იოხებს გულს…


-იარაღი გააქვს?!
-ექიმო, იარაღი ვის არ აქვს გარშემო?! უიარაღოდ არ შეიძლება, არასდროს არ იცი, ვის გადაეყრები… ხანდახან გიწევს რომ იყო დაუნდობელი და პირდაპირ შუბლში ახლი ტყვიას. ამ მხარეში ასეთი სიტუაციაა… ადამიანს მარტო უწევს ყველა პრობლემის გადაჭრა… თუ კი ვერ მოაგვარებს, მაშინ თვითონ მოუგვარებენ ისე, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებს… ამიტომ, ყოველთვის და ყველგან ფხიზლად უნდა იყო!!! მათ ვერ გააცურებ, რადგან ბოლო დონის ნაძირალები არიან… ყველაზე ცუდი კიდევ ისაა, რომ შენ მათი გმართებს ყოველთვის”

პროკურორი – ადამიანი, რომელიც იქცევა თავისი თანამდებობის შესაბამისად… ერთი შეხედვით, მასში არაფერი განსაკუთრებული არაა, თუმცა მალევე ირკვევა, რომ სინდისი სერიოზულად ქენჯნის ცოლის გარდაცვალების გამო… მას იმდენად რცხვენია წარსულის, რომ ექიმს პირველ პირში ვერ უყვება თავის ისტორიას… ექიმი კი საბოლოოდ დაარწმუნებს იმ რეალობაში, რომ მისმა ცოლმა ვერ აპატია ქმარს ღალატი და სწორედ ამიტომაც მოიკლა თავი… რაზეც მის მიერ დასმული შემაძრწუნებელი კითხვაც მეტყველებს:
“-ექიმო, ხდება ხოლმე არა, როცა ადამიანები სხვების დასასჯელად იკლავენ თავს?!”

ეჭვმიტანილი – მისი როლი, ერთი ერთში მაგონებს რაიან გოსლინგის პერსონაჟს ფილმ “Drive”-დან… ისეთივე უტყვი, ისეთივე ჩუმი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მრავლისმთქმელი და გოსლინგის არ იყოს, Firat Tanis-ის თამაში, მართლაც რომ შეუდარებელი, გენიალური და ენითაუღწერელია!!! მიუხედავად იმისა, რომ მან სადისტურად მოკლა ადამიანი, რეჟისორმა მაინც მოახერხა ისე წარმოეჩინა, რომ ფილმის ბოლომდე მის ქომაგად რჩები… გენიალურია მომენტია, როცა გამგებლის შვილის დანახვაზე ცრემლები წამოუვა… და ძალიან მოქმედებს ისიც, როცა პოლიციის შეფი ამბობს, რომ მას შემდეგ მთელი გზა ტიროდა, რაც მისმა შვილმა ქვა ესროლაო…

და ბოლოს…

ექიმი, რომელიც ამ ფილმის ყველაზე საინტერესო პერსონაჟია და რომლის საქციელიც, ფილმის დასასრულისას, ძალიან დიდ კითხვებს ბადებს… გაკვეთა გაარკვევს, რომ მსხვერპლი ცოცხლად არის დამარხული, რაზეც ექიმი თვალებს დახუჭავს და არ დაწერს პროტოკოლში… რა თქმა უნდა, ბევრს შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ “ერთხელ ანატოლიაში” იმდენად დეტექტივი არაა, რამდენადაც ადამიანების ურთიერთობებზე აქცენტირებული ფილმი… ის წარმოაჩენს ოჯახის მნიშვნელობას… რამდენიმე სახის ურთიერთობას მამა-შვილს შორის… ექიმმა ჩათვალა, რომ თუ ის არ დახუჭავდა თვალებს, ბავშვი ძალიან დიდი ხანი ვერ იხილავდა მის რეალურ მამას და რომც მომხდარიყო სასწაული, ვერასდროს აპატიებდა, რაც მან ჩაიდინა…

პ.ს. ბევრი მაფიქრა იმ კადრმა, როცა კამერა ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ვაშლზე, თუმცა შემდეგ ფილმში არის სიტყვები, რომელსაც მგონი პოლიციის უფროსი ამბობს “თუ საქმე ძალიან ჩაიხლართება, ესეიგი მასში ქალია გარეულიო…” ჩემი აზრით, ვაშლს ბიბლიური დატვირთვა აქვს და პირდაპირი მინიშნებაა ქალზე, რომელმაც სამოთხე დაგვაკარგვინა…. : ))

Comments

comments

Powered by Facebook Comments

3 Comments so far »

  1.  

    ნიმფა said

    November 14 2012 @ 20:30

    მძღოლი გვამთან საზამთროს კი არა , ნესვს აწყობს :)

  2.  

    svani said

    November 14 2012 @ 20:30

    არსებითი მნიშვნელობა აქვს მაგას?! O.o

  3.  

    ნიმფა said

    November 15 2012 @ 20:30

    არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სიზუსტე მაინც საჭიროა :)

Comment RSS · TrackBack URI

Leave a comment

Name: (Required)

eMail: (Required)

Website:

Comment:

  Wordpress Theme Protected By Wp Spam Free, Provided by Payday Loan Online